ავტომობილის მართვა წვიმაში

ავტომობილის მართვა წვიმაში

წვიმის დროს ავტომობილის სარკეები და ფანჯრები გარედან იფარება წყლის წვეთებით და შედეგად საგრძნობლად იზღუდება ხილვადობას. ასევე ავტომობილის შიგნით და გარეთ ტემპერატურათა სხვაობის გამო შიგნიდან იორთქლება მინები, რაც ქმნის დამატებით პრობლემებს ნორმალური ხილვადობისთვის.

განსაკუთრებით საშიშია წვიმის დასაწყისი, როდესაც გზაზე არსებული მტვერი და წყალი ქმნის სრიალა აპკს. ასეთ გზაზე საშიშია მკვეთრი დამუხრუჭება და მაღალი სიჩქარით მოძრაობა მოსახვევებში, რაც ავტომობილის მოცურების მიზეზი შეიძლება გახდეს. გარკვეული დროის შემდეგ სრიალა აპკი გადაირეცხება და გზა ნაკლებად საშიში ხდება.
გაითვალისწინეთ, რომ წვიმაში ხუნდები და ზოგადად სამუხრუჭე მექანიზმის დეტალები სველდება და გაჩერების მანძილი დაახლოებით ერთნახევარჯერ იზრდება. ამიტომ მოერიდეთ მაღალი სიჩქარით მოძრაობას.
გზაზე არსებულ ჩაღრმავებებში გროვდება წყალი და წარმოიქმნება გუბეები. გუბეში გავლისას ბორბლებზე წარმოიქმნება დიდი წინააღმდეგობის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება საბურავის ბრუნვას. განსაკუთრებით საშიშია როდესაც ავტომობილის ერთი მხარე გაივლის გუბეში. ამ დროს წარმოიქმნება ცალმხრივი წინააღმდეგობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის შემობრუნება. ამ მოვლენის დროს უმეტეს შემთხვევაში ავტომობილი ხდება უმართავდი და თავიდან ასაცილებლად გუბეში გავლამდე შეამცირეთ სიჩქარე. ზოგადად სასურველია მოერიდოთ გუბეში გავლას, რადგან იგი შეიძლება ფარავდეს ღრმა ორმოს და მასში სწრაფად გავლამ შესაძლებელია გამოიწვიოს ავტომობილის საკიდარის საკმაოდ სერიოზული დაზიანება.

მსუბუქ ავტომობილს შეუძლია 0,5 მეტრი სიღრმის ფონის გადალახვა. ფონის გადალახვისას იმოძრავეთ ნელა, თორემ წარმოქმნილმა ტალღამ შესაძლოა დაასველოს ძრავის ანთების სისტემა და მოხდეს ძრავის გათიშვა. როდესაც ამოხვალთ წყლიდან, მოუმატეთ ძრავის ბრუნები,და რამდენჯერმე დაამუხრუჭეთ. ხახუნის შედეგად გამოყოფილი სითბო გააშრობს სამუხრუჭე მექანიზმის დეტალებს და მუხრუჭის ეფექტურობა აღდგება.

სველ გზაზე სწრაფად მოძრაობისას შეიძლება წარმოიშვას მოვლენა, რომელსაც აკვაპლანირება ეწოდება. ამ დროს წყალი ვერ ასწრებს სალტის ჭრილებიდან გამოწნეხვას და სალტეების წინ წარმოიქმნება წყლის „სოლი”.
აკვაპლანირება – მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება სველ სავალ ნაწილზე ბორბლების დიდი სიჩქარით მოძრაობისას, როცა საბურავი ვერ ასწრებს წყლის დაწურვას მათი შეხების ზედაპირიდან. ამ დროს ავტომობილი სრიალებს და იქმნება მისი გზიდან გადასვლის საშიშროება. ამის მიზეზებია – მაღალი სიჩქარე, გაცვეთილი პროტექტორი და დაბალი წნევა საბურავებში. ითვლება, რომ თუ პროტექტორზე ფიგურის სიმაღლე 2 მმ-ზე მეტია, მაშინ ავტომობილი მყარად დგას სველ გზაზე 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროსაც კი. ხოლო პროტექტორის ნახატის 2 მმ-ზე ნაკლები სიმაღლის დროს 50კმ/სთ სიჩქარის დროსაც კი შეიძლება მართვის მოშლა.
აკვაპლანირების დროს სალტე რამდენიმე მილიმეტრით ზევით იწევს გზის ზედაპირიდან და მოძრაობს წყლის ფენაზე. ამ დროს ბორბლების ჩაჭიდება გზასთან პრაქტიკულად ნულის ტოლია და ავტომობილი მიცურავს წყალზე. აკვაპლანირების დაწყებისას ავტომობილი უმართავი ხდება და მისი დამორჩილება გამოცდილი მძღოლისთვისაც შეუძლებელია.
სიჩქარე, რომლის დროსაც შეიძლება დაიწყოს აკვაპლანირება დამოკიდებულია სალტის ხარისხზე, მისი პროტექტორის მდგომარეობაზე, გზის საფარის მდგომარეობაზე, წყლის ფენის სისქეზე და წინა ბორბლების დატვირთვაზე. აკვაპლანირება იწყება მაშინ, როდესაც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე 80 კმ/სთ–ს აღემატება, ხოლო წყლის ფენის სისქე დაახლოებით 5–8 მილიმეტრია. აკვაპლანირებიდან თავის დასაღწევად საჭიროა ძრავით დამუხრუჭების მეთოდის გამოყენებით მდორედ შემცირდეს სიჩქარე 60 კმ/სთ–ზე დაბლა. კატეგორიულად აკრძალულია მუხრუჭის გამოყენება. სწორედ იგი შეიძლება გახდეს მოცურების მიზეზი. სიჩქარის შემცირების შემდეგ აღდგება ბორბლების კონტაქტი სავალი ნაწილის ზედაპირთან და აკვაპლანირება შეწყდება.

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]