ABS და ESP

ABS (Anti-lock Brake System)

ანტი-ბლოკირების სისტემა

გამოცდილი მძღოლი იშვიათად იყენებს მკვეთრ მუხრუჭს, მაგრამ რეალობა თავისას ითხოვს და შეიძლება გარკვეულ სიტუაციაში იძულებული გავხდეთ მკვეთრად დავამუხრუჭოთ. ცნობილია, რომ ამ დროს მოსალოდნელია ავტომობილის მოცურება და მართვის დაკარგვა.

1978 წელს ავტოკონსტრუქტორებმა მოახერხეს შეექმნათ სისტემა, რომელიც დამუხრუჭებისას მაქსიმალურად აგვაშორებს თავიდან ამ უსიამოვნებებს. თუ ადრე 100 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრულად გასაჩერებლად 60 მეტრი და მეტიც გვჭირდებოდა ამ სისტემის გამოყენებამ ეს მანძილი 40 მეტრზე ნაკლები გახადა, თანაც ავტომატურად უზრუნველყოფს მოცურების საწინააღმდეგო ქმედებებს.

ამ სისტემას ABS (Antilock Brake System) მუხრუჭების ბლოკირებისგან დაცვის სისტემა უწოდეს. ძლიერი მუხრუჭის შემთხვევაში ავტომობილის საბურავი გზის საფარზე სრიალს იწყებს, რაც რა თქმა უნდა სამუხრუჭე მანძილს ზრდის, იგი კარგავს წონასწორობას და უმართავი ხდება. სრიალი შეიძლება დაიწყოს ყველა თვალმა ან რომელიმემ ცალკე.

სურათებზე ნაჩვენებია ავტომობილის რეაქცია მკვეთრი მუხრუჭის დროს:

მარცხნივ – ABS სისტემით მარჯვნივ – ABS სისტემის გარეშე

ABS სიტემა ისეა მოწყობილი, რომ ავტომობილის თვალზე დამაგრებული მისი ბრუნვის დეტექტორი განსაზღვრავს თვლის

ბრუნვის სიჩქარეს და თუ ის აღმოაჩენს, რომ თვალი დაბლოკირებულია მის მუხრუჭს მოუშვებს მანამ სანამ მისი ბრუნთა რიცხვი დანარჩენებისას არ გაუტოლდება, და ასე მანამდე სანამ ავტომობილი სრულად არ გაჩერდება ან თანაბრად არ შეანელებს მოძრაობას.
ყოველევე ამას, რა თქმა უნდა, ელექტრონიკა აანალიზებს და მართავს.

სურათზე ნაჩვენებია ABS

სისტემის შემადგენელი კვანძები და სისტემები

თანამედროვე სისტემები აღჭურვილია არა მარტო თვლის ბრუნვის სიჩქარის განმსაზღვრელი დეტექტორებით, არამედ იგი თვალს ადევნებს საჭის მობრუნების მიმართულებას, სიჩქარეს, დონეს და ამის მიხედვით განსაზღვრავს რა უნდა მძღოლს და შესაბამისად ამუხრუჭებს ან ანთავისუფლებს შესაბამის თვალს.

მცირე ისტორია

АBS სისტემა თავდაპირველად Bosch-ის კომპანიაში შემუშავდა 1936 წელს. ავტომობილებზე მათი სერიული დამონტაჟება 1978 წლიდან S-Class Mercedes-ზე დაიწყეს. ცოტა მოგვიანებით BMW 7-ე სერიაზეც გამოიყენეს. სხვათა შორის დღეს გამოიყენება მოტოციკლებზე, სარკინიგზო და საავიაციო ტრანსპორტზეც.

დროთა განმავლობაში სისტემა სერიოზულად დაიხვეწა არა მარტო ტექნიკურად არამედ ინტელექტუალურადაც

გაითვალისწინეთ რომ!

სამწუხაროდ АBS იდეალური მოწყობილობა არ არის, ამიტომაც!!

  • არა ერთგვაროვან ზედაპირიან გზაზე (ერთერთი თვლის ქვეშ ყინულია) მან შეიძლება მოულოდნელად შეამციროს დამუხრუჭება სრიალის თავიდან აშორების მიზნით.
  • სისტემა სრულიად ითიშება 5-10 კმ/სთ. სიჩქარის დროს, მძღოლი ამას არ ელოდება და სეიძლება არასწორი რეაგირება მოახდინოს.
  • სისტემა წინა წამყვანიან ავტომობილს არ მისცემს საშუალებას მოსახვევში ’კუდის” მოქნევით შევიდეს.
  • თოვლიან გზაზე დამუხრუჭებისას წინა ბლოკირებული თვლები თოვლს მიატკეპნის და ავტომობილი სწრაფად ჩერდება, АBS ბლოკირებას არ დაუშვებს ამიტომაც მისი სამუხრუჭე მანძილი თოვლის დროს მეტია.
  • АBS-ს მიუჩვეველი მძღოლისთვის ასეთი ავტომობილის რეაქცია მუხრუჭზე მოულოდნელია და იგი შეიძლება დაიბნეს

ინტელექტუალური სამუხრუჭე სისტემის სხვა სახეობებიც არსებობს:

BAS
ESP
SBC

Brake Assist System (BAS)

დამუხრუჭების დახმარების სისტემა

”პანიკური” დამუხრუჭებისას, მძღოლების უმეტესობა სამუხრუჭე სატერფულს АBS-ს ასამუშავებლად არასაკმარისი ძალით აწვება, რაც სამუხრუჭე მანძილს ზრდის. სისტემა Brake Assist ითვალისწინებს ამ ფაქტს და ექსტრემალური დამუხრუჭებისას 40%-ით ამცირებს АBS-ს გასააქტიურებელ დაწოლის ძალას. BАSი ეხმარება მძღოლს კრიტიკულ სიტუაციაში მოახდინოს დამუხრუჭების მაქსიმალური რეალიზაცია გადაწყვეტილების მიღებისთანავე. ამგვარად BАSი მკვეთრი დამუხრუჭებისას განსაზღვრავს არა სატერფულზე დაწოლის ძალას, არამედ მისი გადაადგილების სიჩქარეს და სასწრაფოდ აამუშავებს სამუხრუჭე სისტემას. BАSი სისტემა მხოლოდ АBS სისტემიან ავტომობილებს უყენდება.

საბოლოო ჯამში BАS სისტემა მძღოლს მხოლოდ დამუხრუჭების საწყის სტადიაში უწევს ასისტირებას, მას დამახსოვრებული აქვს მძღოლის მიერ ჩვეულებრივ სიტუაციაში მუხრუჭის გამოყენების მანერა და თუ აღმოაჩინა, რომ იგი ამჟამად მას უფრო სწრაფად დააწვა სასწრაფოდ ჩართავს საქმეში АBSს. სამუხრუჭე მანძილი 100 კმ/სთ სიჩქარეზე 46დან 40მ-დე მცირდება.

Electronic Stability Programm (ESP)

ავტომობილის მდგრადობის კონტროლის ელექტრონული სისტემა.

მრავალგვარი დეტექტორისა და სენსორის წყალობით, ESP კრიტიკულ მომენტში წაამუხრუჭება ერთ ან რამდენიმე თვალს და ავტომობილს არ მისცემს საშუალებას მოიქნიოს უკანა მხარე ან გაასრიალოს წინა.

სისტემის მართვის ელექტრონული ბლოკი, რომელიც ავტომობილის სტაბილიზაციაზე ზრუნავს, ითავსებს ანტიბლოკირების (ABS) და ხანდახან ანტი სრიალის და დამუხრუჭების ასისტენტის (BAS) მართვის ფუნქციებსაც.

გარდა თვლის ბრუნვის სიჩქარის დეტექტორისა ავტომობილში საჭის შემობრუნების კუთხის და თავად ავტომობილის საკუთარი ღერძის ირგვლივ მობრუნების დეტექტორებიცაა დაყენებული. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მართვის მოდული განსაზღვრავს მომენტს, როდესაც ავტომობილი გადაიხრება მიმართულებიდან რომელიც მძღოლმა აირჩია საჭის მდგომარეობით, სისტემა სხვადასხვა თვლების შესაბამისი დამუხრუჭებით იწყებს მისთვის საჭის მდგომარეობისა და წინანდელ მიმართულების დაბრუნებას.

უკანა წამყვანთვლებიანი ავტომობილის მოსახვევში შესვლისას უკანა ხიდი დაიწყებს არამართებულ გადაადგილებას (”занос”), სისტემა დაიწყებს წინა გარე თვლის დამუხრუჭებას, წინა გარეთა თვალი გააგრძელებს თავისუფალ ბრუნვას, რითაც შექმნის საწინააღმდეგო მიმართულებას და გაასწორებს ავტომობილს. დაახლოებით იგივე მოხდება წინა წამყვანზე, როცა წამყვანი წინა ღერძი იწყებს გასრიალებას.

ESP სისტემის რეაქციის დრო 0.002 წამია

ESPს დახმარებით, მძღოლი რომელსაც არ გააჩნია ავტომობილის კონტრავარიული ტარების უნარი, თავისუფლად იმოძრავებს ნებისმიერ გზაზე. ვინც მძლავრ მანქანას ფლობს და სურს, რომ მოსახვევებში ”ექსტრავაგანტურად” შევიდეს და სისხლში ადრენალინი მოიმატოს – ნურას უკაცრავად. ESP ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, არ მისცემს და აიძულებს უსაფრთხოდ შეასრულოს ეს მანევრი.

Sensotronic Brake Control (SBC)

მუხრუჭების სენსოტრონული მართვა

მუხრუჭის სატერფულზე დაწოლისას მიკროკომპიუტერი სხვადასხვა სენსორების და დეტექტორების ინფორმაციაზე დაყრდნობით, განსაზღვრავს აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანის სისწრაფეს, მასზე დაწოლის ძალას, რომელი გადაცემაა ჩართული, გზის საფარის თავისებურებებს, მოძრაობის ტრაექტორიას, სიჩქარეს და აჩქარებას, ავტომობილის დატვირთულობას და კიდევ უამრავ პარამეტრს, რომელთა გათვალისწინებითაც მოახდენსოპტიმალურად დამუხრუჭებას თანაც ყველა თვალს სხვადასხვანაირად დაამუხრუჭებს.

მაგალითად: ინტენსიური დამუხრუჭებისას, ავტომობილის წინა და უკანა ღერძებზე წონები სხვადასხვანაირად ნაწილდება. ამ დროს SBC სისტემა წინა თვლებს მეტად დაამუხრუჭებს მათი ბლოკირების ზღვრამდე. მოსახვევებში გარეთა თვლები მეტად იტვირთება ვიდრე შიდა, აქაც დამუხრუჭება სხვადასხვანაირად მოხდება. მოძრაობის პარამეტრების ნებისმიერი ცვლილება სამუხრუჭე სისტემის ადეკვატურ რეაგირებას იწვევს.

სისტემას ”საცობის” სიტუაციაში შეუძლია განსაზღვროს მძღოლის გადაწყვეტილება ავტომობილის გაჩერების შესახებ მაშინვე, როგორც კი ის აქსელერატორიდან ფეხს აიხებს და თავად გააჩერებს ავტომობილს წინა მანქანიდან უსაფრთხო მანძილზე. ასევე გააჩნია ”მდორე დამუხრუჭების”
რეჟიმი, როდესაც ავტომობილს ავტომატურად გააჩერებს, როგორც კი შეატყობს, რომ მძღოლი ამას აპირებს.

  1. რავიცი

    კარგი პოსტები გაქვთ საინტერესო ესე გააგრძელეთ ეს მოტივი უნდა იყოს თქვენთვის. კარგია მართლა კიდევ მეტი სიახლეები დაამატეთ

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]