ბენზინის ძრავი

როგორ მუშაობს ბენზინის შიდაწვის ძრავი

თეორიული საფუძვლები შეგიძლიათ იხილოთ აქ

თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილზე ბენზინის 4 ტაქტიანი შიდაწვის ძრავია დაყენებული. ეს ძრავები ავტომობილის სამოძრაო ენერგიას 4 ცილინდრში ფეთქებადი ნარევის აფეთქების ხარჯზე გამოიმუშავებენ. ეს აფეთქება 4 ტაქტში ხდება:

1 – შეწოვა (ცილინდრში შეიწოვება ფეთქებადი ნარევი)
2 – შეკუმშვა (ცილინდრში დგუშის დაწოლით ხდება ნარევის შეკუმშვა)
3- აფეთქება (სანთლის ნაპერწკალი გამოიწვევს აფეთქებას, რომლის ძალაც დგუშს აიძულებს უკან დაიწიოს)
4 – გამოდევნა (აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამწვი გამოიდევნება ცილინდრიდან)

აი თავად მისი აღმატებულება ცილინდრი

1 – ცილინდრი
2 – დგუში
3 – დგუშის ბარბაცა
4 – სანთელი
5 – შემშვები სარქველი
6 – გამომშვები სარქველი

აქ დგუშის ბარბაცა (3) მისი ზედა ნაწილით მოძრავადაა შეერთებული დგუშთან (2), ხოლო ქვედა ნაწილი მუხლა ლილვთან, რომელიც თავის მხრივ საბოლოო ჯამში ბორბლებს ატრიალებს.

განვიხილოთ ოთხივე ტაქტი:

1 – შეწოვა
დგუში გადაადგილდება ქვემოთ, შემშვები სარქველი ღიაა – დგუშის მიერ შექმნილი გაუხშოება შეიწოვს საწვავ ნარევს
დგუში იმყოფება უკიდურეს ქვედა წერტილში – შეწოვა დამთავრებულია
2 – შეკუმშვა
დგუში გადაადგილდება ზემოთ, ორივე სარქველი დახურულია – შეწოვის შედეგად ცილინდრში დაგროვილი საწვავი ნარევი მაქსიმალურად იკუმშება და მზადდება ასაფეთქებლად
დგუში იმყოფება უკიდურეს ზედა წერტილში – შეკუმშვა დამთავრებულია, ორივე სარქველი დახურულია – სანთლის მიერ წარმოქმნილი ნაპერწკალი გამოიწვევს საწვავი ნარევის აფეთქებას
3 – აფეთქება (მუშა სვლა)
ორივე სარქველი დახურულია – აფეთქების შედეგად გაფართოებული გაზი დგუშს აიძულებს ქვემოთ გადაადგილდეს და ბარბაცას საშუალებით შემოაბრუნოს მუხლა ლილვი
დგუში უკიდურეს ქვედა წერტილში იმყოფება, ცილინდრში დარჩა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამწვი აირი
4 – გამოდევნა
დგუში გადაადგილდება ზემოთ – გამომშვები სარქველი ღიაა, ნამწვავი აირი გარეთ გამოიდევნება
გამოდევნის დასასრულს დგუში აღმოჩნდება ზედა უკიდურეს წერტილში, რის შემდეგაც ციკლი ისევ განმეორდება.
როგორც დაინახეთ, მექანიზმმა მართლაც 4 ტაქტი შეასრულა, რის შედეგადაც მუხლა ლილვმა ორი სრული ბრუნი გააკეთა.

ყოველივე ზემოთნახსენები შეგიძლიათ იხილოთ მოძრაობაში

რაც შეეხება სანთლის მიერ ნაპერწკლის წარმოქმნას, მისი მექანიზმი საკმაოდ მარტივია და ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ნახაზზე

ვნახოთ ვიდეო

  1. კარგი საიტია იმდენი წავიკითხე თვალები ამტკივდა უკვე 😐

  2. მე დიზელი მირჩევნია

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]

Trackbacks and Pingbacks: