ძრავის ზეთი

დანიშნულება:

ცნობილია, რომ ავტომობილის ძრავში მოძრავი დეტალების დიდი რაოდენობა ეხება ერთმანეთს. სწორედ მათ ზედაპირებს შორის, ხახუნის სრიალად გადაქცევას ემსახურება საავტომობილო ზეთი. ძრავის ზეთი საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობს (მაღალი წნევა და ტემპერატურა), ამიტომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დეტალების ზედაპირზე შექმნას ზეთის მყარი და თხელი აპკი,  რითაც გამორიცხავს მათ უშუალო ხახუნს და ცვეთას;

ცილინდრსა და დგუშის რგოლებს შორის შეამჭიდროვოს ღრიჩო (зазор), რათა წვის კამერიდან გაზებმა არ შეაღწიოს მრუდხარა ბარბაცა მექანიზმის სისტემაში;

ეფექტურად ჩამორეცხოს ზედაპირებიდან ნამწვი;

დაიცვას ძრავის დეტალები კოროზიისგან;

შეინარჩუნოს ცვეთის, ჟანგვის და ჭუჭყის ნაწილაკები ბლანტი სითხის (ემულსიის) მდგომარეობაში, რათა არ მოხდეს მათი ზედაპირზე შეწებება-შეცხობა და გამოიტანოს ისინი ხახუნის (შეხების) ზონიდან;

მოახდინოს წვის და ზეთის ჟანგვის შედეგად წარმოქმნილი ორგანული მჟავეების ნეიტრალიზაცია;

შეინარჩუნოს ყველა ეს თვისება ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში.

ამ თვისებების მისაცემად ზეთს   უმატებენ სხვადასხვა შემავსებლებს, რომლებიც მთელი მასის 10 – 25%-ს შეადგენს.

სახეობები:

ძრავის ზეთი არსებობს სამი სახეობის: მინერალური, ნახევრად სინთეტიკური (Semi – Synthetic) და სინთეტიკური (Fully Synthetic).

სინთეტიკური ზეთის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სხვა სახეობის ზეთის შემდეგ, მხოლოდ ძრავის გამორეცხვის შემთხვევაში

განცხვავებები:

სინთეტიკური ზეთები მინერალურისგან განსხვავებით ხასიათდებიან მაქსიმალური ქიმიური და თერმული სტაბილურობით, რაც ნიშნავს, რომ ექსპლუატაციისას არ განიცდის თვისებების გაუარესებას (ჟანგვა, პარაფინიზაცია და ა. შ.) თერმული სტაბილურობა გულისხმობს – ზეთი ერთნაირად თხევადია სხვადასხვა ტემპერატურებზე და ინარჩუნებს კარგ დენადობას, რის გამოც ადვილად აღწევს ძნელად შესაზეთ ვიწრო ჭრილებში.

რა გავითვალისწინოთ?

მინერალურიდან სინთეტიკურ ზეთზე გადასვლისას შეიძლება ძრავში ზედაპიერბზე დარჩეს მინერალური ზეთის ნამწვი შავი ნაფენის სახით, რომელსაც სინთეტიკური კარგად ჩამოაშორებს და შეიძლება საზეთე არხები ან ფილტრი გაჭედოს. ასევე შეიძლება შემამჭიდროებელი ელემენტების (”სალნიკები”) ელასტიურობის დაკარგვა, დაბერვა ან დასკდომა გამოიწვიოს.

ძრავი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს!

არარეკომენდირებულია:

სინთეტიკური ზეთის გამოყენება, როდესაც:

  • ძრავის მუშა ზედაპირებზე სქელი ნაფენის არსებობის შემთხვევაში;
  • თუ დარღვეულია შეზეთვის სისტემის გერმეტულობა და დაზიანებული შემამჭიდროებლებიდან ან საფენებიდან წვეთავს ზეთი;
  • ახალი ძრავის ან ძრავის კაპიტალური რემონტის ”სასარგებლო ცვეთის” პერიოდში;

როგორ გადავიდეთ მინერალურიდან სინთეტიკურზე?

  • დარწმუნდით, რომ ზემოთჩამოთვლილი სიტუაციები გათვალისწინებულია;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი რომ ავტომობილის ძრავის ტექნიკურ პასპორტში არ იკრძალება სინთეტიკური ზეთის გამოყენება

სინთეტიკური ზეთები გაცილებით მაღალეფექტურია და უფრო ეკონომიურიც ვიდრე მინერალური, ამიტომ თუ თქვენი ძრავი კარგ მდგომარეობაშია ნუ დააყოვნებთ სინთეტიკაზე გადასვლას.

ზეთის აღნიშვნაში:

SAE (საავტომობილო მრეწველობის ინჟინერთა საზოგადოება. Society of Automotive Engineers) კლასიფიკაცია. ეს აღნიშვნა არ იძლევა ინფორმაციას კონკრეტული ძრავისთვის ზეთის ვარგისიანობაზე ან მის თვისებებზე. იგი მხოლოდ მიუნიშნებს, რომ ზეთი სერთიფიცირებულია.

რიცხვები ასო W-ს წინ აღნიშნავენ სამუშაო ტემპერატურებს (ზამთრის ზეთების შემთხვევაში)

0 – -30°С-ზე ნაკლები

5 – -25°C-დე

10 – -20°С-დე

15 – -15°C-დე

20 – -10°C-დე

25 – -5°С-დე

ასო W (winter) აღნიშნავს – ზამთარს.

რიცხვები ასო W-ს შემდეგ აღნიშნავენ სიბლანტის (დენადობის) კლასს და მიუთითებენ რამდენად ინარჩუნებს ზეთი სიბლანტეს მაღალტემპერატურულ სიტუაციებში.

30 – მცირელიტრაჟიანი მსუბუქი ავტომობილებისთვის

40 – დიდი ლიტრაჟის მქონე ავტომობილებისათვის

50 – მაღალბრუნიანი სპორტული ავტომობილებისათვის

აღნიშვნა SAE 10W-40 მეტყველებს, რომ:

SAE – ზეთი სერთიფიცირებულია

10 – -25°C ტემპერატურამდე შეიძლება გამოყენება

W – სეზონურია და განკუთვნილია ზამთრისათვის

40 – დიდი ლიტრაჟის მქონე მსუბუქი ავტომობილებისათვის

აღნიშვნა SAE 40:

(აღნიშვნაში არ არის 10 W).
ზეთი სეზონურია და განკუთვნილია ზაფხულისათვის

სერთიფიცირებული ზაფხულის ზეთი დიდი ლიტრაჟის ავტომობილისათვის.

საავტომობილო ზეთების ხარისხის რეგლამენტირებისთვის არსებობს ორი სპეციფიკაცია:

– API – ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის კლასიფიკაცია

– АСЕА – ევროპელ მწარმოებელთა ასოციაცია

API – სპეციფიკაცია მოიცავს შემდეგ კლასებს:

ბენზინის ძრავებისათვის – SA, SB, SC, SD, SF – “მოძველებული” კლასები და SG, SH, SJ – მოქმედი კლასები.

დიზელის ძრავებისათვის (მსუბუქი,ჯიპები, მიკროავტობუსები): СА, СВ, СС, CD – მოძველებული კლასები, CF – მოქმედი კლასი უნივერსალური თვისებებით.

ამგვარად АРI სპეციფიკაციის მიხედვით SJ/CF კლასის ზეთები ითვლება უნივერსალურად და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის და მიკროავტობუსის ძრავებისათვის.

АСЕА – სპეციფიკაცია:

ბენზინის ძრავისათვის – А1-96, А2-96, АЗ-96 კლასები

დიზელის ძრავებისათვის – В1-96, В2-96, ВЗ-96 კლასები.

АЗ-96 და ВЗ-96 კლასის ზეთები ითვლება უნივერსალურად და გამოიყენება ნებისმიერი ასაკის მსუბუქი ავტომობილის, ჯიპის და მიკროავტობუსის ძრავებისათვის.

ზეთის ტიპის შესარჩევად ეყრდნობიან შემდეგ ზოგად პრინციპებს :

ზეთს პირველ რიგში ირჩევენ ძრავის მიხედვით და გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით.

სხვადასხვა ტიპის ზეთების ვარგისიანობის ტემპერატურული დიაპაზონი SAE კლასიფიკაციით:

ახალი ავტომობილის ძრავისთვის (მთელი დროითი რესურსის პირველი 25%) უნდა გამოვიყენოთ SAE 10W-30 ან 5W-30 (ყველა სეზონისთვის).

შემდეგი პერიოდი (მთელი დროითი რესურსის 25-75%) – ტექნიკურად გამართული ძრავის სემთხვევაში – SAE 10W-40, 15W-40 – ზაფხულში, SAE 5W-30 და 10W-30 – ზამთარში, ან SAE 5W-40 (ყველა სეზონისთვის).

ძრავის რესურსის ბოლო პერიოდი ( მთელი დროითი რესურსის 75%-ზე მეტი) – ძველი ძრავი, რეკომენდირებულია SAE 15W-40 და 20W-50 – ზაფხულში, SAE 5W-40 და 10W-40 – ზამტარში ან SAE 5W-50 (ყველა სეზონისთვის) ზეთების გამოყენება.

-40 გრად.С-ზე ნაკლები და +50გრად.С-ზე მეტი ტემპერატურებისთვის რეკომენდირებულია გამოვიყენოთ SAE 0W-30 და SAE 10W-60 სინთეტიკური ძრავის ზეთები.

მოძმე რუსეთის მიერ დამზადებული ზეთების ურთიერთცვალებადობა ბურჟუაზიულ ზეთებთან მიმართებაში:

ზეთის ტიპი ზეთის ტიპი
ГОСТ 17479.1 API ГОСТ 17479.1 API
А SB Д1 SF
Б1 SC Д2 CD
Б2 CA Е1 SG
Б SC/CA Е2 CF, CF-4
В1 SD მსგავსი ზეთი ჯერ არც დასიზმრებიათ SH
В2 CB SJ
В SD/CB CG-4
Г1 SE CH-4
Г2 CC SL
Г SE/CC CI-4

თანამედროვე ძრავის ზეთების შედარებითი კლასიფიკაციის შედარებითი ცხრილი:

ზეთის კლასიფიკაცია ACEA API ILSAC MB VW ГОСТ17479.1
ბენზინისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების ძრავისათვის А1-98 SH GF-1 229.3 503.00
А2-96 SH 229.1 502.00 Д1
А3-98 SJ GF-2 229.3 503.00
А3-99 SJ 229.5 503.01
А5-01 SL GF-3
-04 GF-4 » »
მსუბუქი მაღალბრუნიანი დიზელისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების ძრავისათვის. В1-98 CE 229.3 » 505.00
В2-98 CE 229.1

227.5

В3-98 CF-4 229.3 505.01
В4-98

(99)

CG-4 229.5 506.00
В5-01 CH-4 506.01
მძიმე დიზელის ძრავიანი სატვირთო ავტომობილების, ”ჯიპის” და სატრაქტორო ტექნიკისთვის Е1-96 CD 228.0 Е2
Е2-96 CF-4 228.1 Д2
Е3-96 CF-4 228.2
Е4-99 CG-4 228.3
Е5-99 CH-4 228.5

= ძრავის ზეთის შერჩევის ინტერნეტ კალკულატორი =

ზეთის ფილტრი:

ავტოწარმოების დასაწყისში ძრავს გაუფილტრავი ზეთი მიეწოდებოდა, რის გამოც მისი საშუალო გარბენი რამდენიმე კილომეტრს აღწევდა. რევოლუციური გადაწყვეტა იყო გაეფილტრათ: საწვავი, ჰაერი და ზეთი. პირველად ზეთის გამფილტრავ მოწყობილობას 20-ე საუკუნის დასაწყოსში იყენებენ და «Purolator» (Pure Oil Later – სუფთა ზეთი გამოსასვლელზე) უწოდებდნენ. ამგვარად ზეთის ფილტრი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მოწყობილობაა თანამედროვე ავტომობილისთვისაც.

დანიშნულება:

ზეთის ფილტრმის დანიშნულებაა გამოაცალკეოს ზეთში ჰაერიდან მოხვედრილი მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები, საწვავიდან მოხვედრილი არასასურველი ნაწილაკები, ძრავის ცვეთისას წარმოქმნილი მეტალის ნაწილაკები, თავად ზეთში შერეული სხვადასხვა არასასურველი მინარევები. მან უნდა შეძლოს თანაბარი ნაკადის ძეთის გატარება ძრავის მუშაობის სხვადასხვა რეჟიმში.

თითქმის ყველა თანამედროვე ზეთის ფილტრის კონსტრუქცია ერთ პრინციპზეა დამყარებული. მისი ძირითადი დეტალია – გამფილტრავი ელემენტი, რომელიც სპეციალური ქაღალდისგან მზადდება. ეს ქაღალდი სერიოზული მეცნიერული კვლევისა და ტექნოლოგიური მიღწევების შედეგია. მას უნდა შეეძლოს მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა, აიტანოს ზეთის და მისი მინარევების აგრესიული ზემოქმედება, შეძლოს ერთნაირი წარმატებით გაფილტროს სხვადასხვა ხასიათის მინარევები. საუკეთესო ფილტრებად ითვლება ტრანსნაციონალური კომპანია «Hollingsworth & Vose»,  იტალიური «Ahlstrom» და ზოგიერთი იაპონური წარმოების ფილტრი.

კონსტრუქცია:

1. მეტალის გარსაცმი (კორპუსი)

2. გამფილტრავი ელემენტი – უზრუნველყოფს ზეთის სუფთა და თანაბარი ნაკადის გატარებას.

3. გამფილტრავი ელემენტის კორპუსთან დამაკავშირებელი ზემყარი შეერთება. ეწინააღმდეგება გაუფილტრავი ზეთის ძრავში მოხვედრას.

4.  დამცავი კლაპანი – ეწინააღმდეგება გამორთულ ძრავზე ზეთის ჩამოდინებას, რათა დაქოქვისას სისტემაში იყოს საკმარისი ზეთი.

5. გადამშვები კლაპანი – ფილტრის დაჭუჭყიანებით გაჭედვის შემთხვევაში, გაიხსნება და ძრავს გაუფილტრავ ზეთს მიაწვდის.

როგორ გავარჩიოთ კარგი ფილტრი ცუდისგან ?

გარეგნული განსხვავების პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა სასარგებლოა ის მაინც იცოდეთ, შიგ რა განსხვავებაა და შესაბამისი დასკვნებიც თქვენზე იყოს:

კარგი ფილტრი

a – გადამტანი კლაპანი უზრუნველყოფს ზეთის მუდმივ და საკმარის გატარებას ძრავისკენ, მხოლოდ როდესაც ფილტრი სრულიად დაჭუჭყიანდა;

b – გამფილტრავი ელემენტი წარმოადგენს ორმაგ თხელ ქაღალდს, რომელიც კარგად ფილტრავს;

c – საგერმეტიზაციო საფენი სრულად უზრუნველყოფს ფილტრიდან ზეთის გამოჟონვისგან დაცვას.

ცუდი ფილტრი

a – გადამტანი კლაპანი ნაწილობრივ ატარებს დაჭუჭყიანებულ ზეთს ძრავისკენ და იწვევს მის დაბინძურებას;

b – გამფილტრავი ელემენტი ერთფენიანი სქელი ქაღალდია, მტვერს კი აკავებს, მაგრამ მალე ჭუჭყიანდება და ადვილად ზიანდება.

c – საგერმეტიზაციო საფენი სრულად ვერ უზრუნველყოფს ფილტრიდან ზეთის გამოჟონვისგან დაცვას.

ცუდი ფილტრის გამოყენების არასასურველი შედეგები: ფილტრის სწრაფი დაჭუჭყიანების გამო ძრავს ზეთი არ მიეწოდება ნორმალურად და იზრდება ცვეთა.

ძრავში ზეთი სწრაფად ჭუჭყიანდება და საჭიროა ხშირი გამოცვლა.

!!! ზეთი და ფილტრი აუცილებლად ერთად გამოცვალეთ !!!

კითხვა პასუხი

როგორ განვსაზღვროთ, რომელი ზეთი ჩავასხათ ძრავში?

ცალსახა პასუხი არ არსებობს, როგორც წესი გაცვეთილ ძრავში, ანუ ძრავში, რომელიც ”ზეთს წვავს (ჭამს)” ჯობია სქელი ზეთი ჩავასხათ.

ახალგამოცვლილი ზეთი მალე გაშავდა

ა) თუ უფრო ხარისხიანი ზეთი ჩაასხით, ვინემ იყო, მას კარგი გამომრეცხი თვისებები აქვს, ამიტომაც ძველი ზეთის ნალექი გამორეცხა და გაშავდა.

ბ)  ძრავის კარტერში ხვდება წვის პროდუქტები, რაც იწვევს ზეთის ჟანგვას და გაშავებას

დ) ზეთი უხარისხოა

რატომ შავდება ზეთი დროთა განმავლობაში?

ძრავი დაბალი ხარისხის საწვავით მუშაობისას წარმოქმნის არასრული წვის ნარჩენს მურის სახით (იგი შავი ფერისაა),  ეს ნარჩენი სეერევა ზეთს და აშავებს მას. გარდა ამისა ზეთს საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე უწევს მუშაობა ამიტომ იგი ნაწილობრივ ჟანგვას და გახრწნას განიცდის, რის გამოც მასში წარმოიქმნება მუქი ფისისებრი ნარჩენი.

შეიძლება თუ არა ზეთს შეურიოთ სხვადასხვა დანამატები?

უმჯობესია არა, რადგან ნორმალური ზეთი ტავად სეიცავს მისთვის საჭირო ყველა კომპონენტს. დანამატები ზეთში, შეიძლ;ება მის რომელიმე თვისებას აუმჯობესებდეს, მაგრამ აუცილებლად გააუარესებს რომელიმე სხვა პარამეტრს.

რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს ზეთის ფილტრი?

აუცილებლად ზეთის ყოველი გამოცვლისას. ფილტრის დანიშნულებაა მოაშოროს ზეთს მეტალის ნამცეცები და წარმოქმნილი ჭუჭყი, როცა ამ ფილტრი გაჭუჭყიანდება დამცავი კლაპანი გაიხსნება და სისტემაში აღარ მოხდება ზეთის გაფილტვრა.

როდის უფრო ინტენსიურად  ჭუჭყიანდება ზეთი?

მოკლე მანძილებზე მოძრაობისას, მტვრიან გარემოში ხშირი გადაადგილებისას, ინტენსიურ მოძრაობაში, ცივ ამინდში, ცხელ ამინდში, მთიან ადგილებში, მძიმე ტვირთების გადატანისას.

თუ ავტომობილს კვირაში ერთხელ დავქოქავთ და ცოტას გავისეირნებთ, ზეთი უფრო ხშირად უნდა გამოიცვალოს, რადგან ძრავი ვერ ასწრებს მუშა ტემპერატურამდე გახურებას და ზეთში წარმოქმნილი წყლის კონდენსატის და შერეული საწვავის აორთქლებას, ეს მინარევები წვის პროდუქტებთან ერთად  ზეთში მჟავას წარმოქმნიან, რაც ძრავის შიდა მუშა ზედაპირების შეზეთვის მაგივრად მის კოროზიას და სწრაფ ცვეთას გამოიწვევს. ზეთში წარმოქმნილი მჟავა მას ზომაზე მეტად ასქელებს, თან ადვილად მიაცხვება ძრავის წვრილ საზეთე არხებში, რის გამოც მოხდება ამ არხების ბლოკირება და ძრავის გარკვეული ნაწილი შეზეთვის გარეშე რჩება.

მტვრიან გარემოში ხშირი მოძრაობისას, ვინაიდან არ არსებობს იდეალური ჰაერის ფილტრი, მტვრის ნაწილაკები ხვდება რა ძრავში, ერევა ზეთს და იწვევს ნალექის წარმოქმნას, იგივე ხდება ზამთარში მარილ ან ქვიშამოყრილ გზებზე გადაადგილებისას. ცხელ ამინდში, მძიმე ტვირთების გადატანისა და მთაგორიან ადგილებში გადაადგილებისას ინტენსიურად ხდება ზეთის ჟანგვა და შესაბამისად უზომოდ გასქელება, რის შედეგადაც იგი ვერ აღწევს ძრავის ყველა მუშა ზედაპირს და იწვევს მის სწრაფ ცვეთას.

ზეთის გამოყენების თვალსაზრისით ოპტიმალური რეჟიმია – დიდ მანძილებზე, კარგ ამინდში, სწორ გზაზე, ნაკლები ტვირთით და ოდნავ მომეტებული სიჩქარით გადაადგილება. ძრავის ინსტრუქციაში მითითებული ზეთის საშუალო გარბენი ან თავად ზეთის პარამეტრებით გათვალისწინებული, მისი გამოცვლის ინტენსივობა სწორედ ამ რეჟიმებს გულისხმობს. ასე, რომ ზეთი გამოცვალეთ არა მარტო კილომეტრაჟის გათვალისწინებით, არამედ მისი გამოყენების რეჟიმის გათვალიწინებითაც.

შეიძლებათუ არა ზეთის ხარისხმა საწვავის ხარჯვა შეცვალოს?

ძრავის მიერ საწვავის ხარჯვა, იძლევა ენერგიას, რომელიც მოძრაობაში გარდაიქმნება. ამ ენერგიის ნაწილი ავტომობილის მოძრავი დეტალების ურთიერთქმედების წინააღმდეგობის (ხახუნის) დაძლევაზე იხარჯება. თუ ზეთი უხარისხობის გამო არაეფექტურად ახდენს ხახუნის შემცირებას, საწვავის ხარჯიც შესაბამისად იზრდება.

რა იწვევს ძრავში ზეთის დონის  სწრაფი შემცირებას?

ნებისმიერი ძრავი ასე თუ ისე ზეთს ხარჯავს, როდესაც ძრავში დგუში ქვემოთ გადაადგილდება, ცილინდრის კედელზე რჩება ზეთის ძალზედ თხელი ფენა, რომელიც აფეთქების მომენტში რათქმაუნდა დაიწვება. 1000 კილომეტრზე 0,5 ლიტრი ზეთის კლება ნორმალურად ითვლება. ზეთის მომეტებული ხარჯვაა ძველ გაცვეთილ ძრავებში, სადაც დგუშის გაცვეთილი რგოლები ვერ უზრუნველყოფენ ცილინდრის ზედაპირიდან ზეთის სრულყოფილად ჩამოწმენდას.

ზეთის ხარჯვა დამოკიდებულია სეზონზეც, ზაფრულში, როდესაც ძრავი ხანგრძლივად იმყოფება მუშა მდგომარეობაში და კარგად ხურდება, ზეთში შერეული წყლის კონდენსატი და საწვავის ნაწილი ადვილად ორთქლდება, რის გამოც ზეთის დონე უფრო ინტენსიურად იკლებს ვიდრე ზამთარში.

ზამთარში მოკლე მანძილებზე გადაადგილებისას ეს პროცესი ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას და ზეთში ერევა დაუწვავი ბენზინის ნაწილი, ამიტომ დონემ შეიძლება მოიმატოს კიდევაც (5-10%-ით).  თუ ზამთარში ძრავი კარგად გათბება, მასში ეს მინარევები სწრაფად აორთქლდება და შეიქმნება მცდარი შთაბეჭდილება, რომ ზეთმა მოიკლო.

===========================================================================

ვიდეო ფრაგმენტი შეზეთვის პროცესზე

ვიდეო ფილმი შეზეთვის პროცესზე

ახალი კომენტარი


[ Ctrl + Enter ]